პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა


01.06.2023

2023 წლის 30 მაისს, იტალიის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, რომის ცენტრში მდებარე ისტორიულ სასახლეში - Palazzo della Cancelleria-ში ცნობილი ქართველი პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის კონცერტი გაიმართა, რომელზეც ხელოვანმა ფრანც ლისტის, ფრედერიკ შოპენის, ფრანც შუბერტის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები შეასრულა.

Palazzo della Cancelleria-ში შეკრებილ აუდიტორიას იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღი და მისი მნიშვნელობა ისტორიულ რაკურსში მიმოიხილა; ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე - ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. კონსტანტინე სურგულაძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ფაქტს და მის მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ღონისძიებას იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მატეო პერეგო დი კრემნაგო, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წევრები, რომში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ბიზნესის, კულტურის სფეროს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.