პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იზმირში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა


03.12.2019

22 ნოემბერს, დიასპორული ორგანიზაცია "იზმირის ქართული მეგობრობის  საზოგადოების" (İzmir Gürcü Dostluk Derneği) ინიციატივით და თურქეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატიო საკონსულოს ხელშეწყობით იზმირის ქემალფაშას რაიონში პირველად გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები.

ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე მსურველები ქართულ ენას უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახელმძღვანელოებით დაეუფლებიან. აღნიშნული სახელმძღვანელოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოიცავს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

აღსანიშნავია, რომ იზმირის ქემალფაშას რაიონში დაახლოებით ათი ათასამდე ქართველი ცხოვრობს. ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ქართული სათვისტომოს წარმომადგენლების გაერთიანებას.

დიასპორული ორგანიზაცია "იზმირის ქართული მეგობრობის საზოგადოება" 2016 წელს დაარსდა და ილქერ ილდიზი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას.