პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. ალიკანტეში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებულ გზამკვლევს გაეცნენ


23.10.2021

21 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, დელეგაციის სხვა წევრებთან და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებთან ერთად, ესპანეთის სამეფოში, ქ. ალიკანტეში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვედა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომელსაც სამინისტრო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ზოგადად ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და არსებული პრობლემატიკის გადაჭრის გზებს. 

შეხვედრაზე გაიმართა ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ მომზადებული გზამკვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროგრამა ENIGMA 2-ის ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის შეადგინა. გზამკვლევები ასევე შექმნილია იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის. 

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე დაესწრნენ სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტით გათვალისწინებულ საზეიმო ღონისძიებას - „ივერიიდან იბერიამდე“, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა და რომელსაც 100-მდე მოწვეული სტუმარი, ქართული დიასპორა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.