პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. ბაქოში ნინო ყიფშიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


01.12.2021

2021 წლის 30 ნოემბერს ქ.ბაქოში, აზერბაიჯანის „ხალიჩების სახელმწიფო მუზეუმში“, საქართველოს საელჩოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით,  გაიხსნა ქართველი მხატვრის, ტექსტილზე მომუშავე ფერმწერის, ნინო ყიფშიძის ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს, კულტურისა და ხელოვნების წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და ქ. ბაქოს ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

Გამოფენის გახსნისას მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ, მან ისაუბრა ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზე კულტურის სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კულტურა და ხელოვნება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ხალხთა დაახლოებისთვის. ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის გაღრმავების პროცესს.

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების შესახებ ინფორმაცის გაავრცელეს აზერბაიჯანულმა მედია საშუალებებმა. ასევე, ნინო ყიფშიძის შემოქმედებით დაინტერესდნენ კულტურის სფეროში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბლოგერები. 

ნინო ყიფშიძის შემოქმედებაში ასახულია ქართული ტრადიციული ხალხური მოტივები, ასევე აღმოსავლური და რელიგიური სიუჟეტები. ნამუშევრები შესრულებულია ქსოვილზე, აპლიკაციის მეთოდით.

გამოფენა ქ. ბაქოში გაგრძელდება 2022 წლის 22 იანვრამდე.