პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის საღამო მადრიდში


03.01.2020

29 დეკემბერს, მადრიდის ცნობილ კულტურულ სივრცეში - Espacio Ronda Madrid, ქართული დიასპორული ასოციაცია „სათვისტომო“- ორგანიზებით, ქართულ-აზერბაიჯანული კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „კავკასიის ორი კულტურა: საქართველო და აზერბაიჯანი“ აღნიშნული დიასპორული ასოციაციის თავმჯდომარის ლალი ჭილაიას ინციატივით მოეწყო.

საღამოს მიზანი ორი ქვეყნის კულტურის წარმოჩენა და ფართო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა გახლდათ. კონცერტის მონაწილეებს შორის იყვნენ ქართული ცეკვის ანსამბლი „ხეორხია“, მადრიდის ქართულ ეკლესიასთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი, ასევე გამოჩენილი აზერბაიჯანელი ოპერის მომღერლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე, საელჩოს მრჩეველი საკონსულო ფუნქციებით თეიმურაზ ბასილაია, ესპანეთში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, მადრიდის ქართული ეკლესიის წინამძღვარი არქიმანდრიტი პიროსი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ანა წოწონავა და ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრები.

აღსანიშნავია, რომ მადრიდში მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაცია „სათვისტომო“ გამოირჩევა ესპანეთში ქართული კულტურის აქტიური პოპულარიზაციით, რითაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ესპანურ საზოგადოებაში ეროვნული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასოციაცია ასევე მუშაობს საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მიმართულებით. იგი 2009 წელს დაარსდა ესპანეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლის ლელა ჭილაიას თაოსნობით.