პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურის ყოველწლიური ფესტივალი კვიპროსში


11.12.2019

მიმდინარე წლის 8-10 დეკემბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის ყოველწლიური ფესტივალი ჩატარდა. ქართული კულტურის რიგით მე-4 ფესტივალი დიასპორული ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე“ და კვიპროსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში, ქ. ლიმასოლში მოეწყო თანამედროვე ქართველ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქ. პაფოსში კი - ა კაპელა სექსტეტის, The Georgian Six კონცერტი.  

აღნიშნული ღონისძიება ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. კონცერტზე შესრულდა მაესტროს ცნობილი ნაწარმოებები, ქართველი მომღერლების უბადლო საშემსრულებლო ტექნიკამ კი აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალის დასასრულს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფესტივალის მონაწილეებსა და მხარდამჭერებს, საელჩოს სახელით, მადლობა გადაუხადა.

„ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე“ გახლავთ ესპანეთში, ქ. მარბელაში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრის – „EuroGeorgia - Georgian Cultural Center“-ის ფილიალი. აღსანიშნავია, რომ მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ორგანიზაციას უკვე 50-ზე მეტი საერთაშორისო პროექტი აქვს განხორციელებული. ცენტრი 2013 წელს დაარსდა მაკა ლაშხისა და ირინა ცერცვაძის ინიციატივით.