პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურის საღამო "Folk Meets Blues" შტუტგარტში


15.12.2019

13 დეკემბერს, ქ. შტუტგარტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში "Theater House"-ში ქართული კულტურის საღამო "Folk Meets Blues" გაიმართა. კონცერტი ქართული დიასპორული ორგანიზაცია „შტუტგარტის ხელოვნების და მუსიკის საზოგადოება / Art Music Georgia Verein“ ორგანიზებით მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ქართული ცეკვის ანსამბლმა „ლაზი“ პარიზიდან, გერმანული "The Voice"-ის გამარჯვებულმა - ნათია თოდუამ, ბენდმა ”GeoTRAIN” შტუტგარტიდან, ასევე „გალობის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა გუნდმა“ თბილისიდან.

კონცერტი მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადებისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ჟანრული მრავალფეროვნებისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობას.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ლევან დიასამიძემ. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი და ეროვნული ცეკვა, შესრულდა გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილისა და რევაზ ლაღიძის საფორტეპიანო ნაწარმოებები.  

ქართული კულტურის საღამო შტუტგარტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის „ქართული გალობა“ და გერმანიის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ინიციატორი - ქართული დიასპორული ორგანიზაცია „შტუტგარტის ხელოვნების და მუსიკის საზოგადოება“ („Art Music Georgia Verein“) აქტიურად აწყობს მსგავსი სახის ღონისძიებებს გერმანიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ორი ერის კულტურების ურთიერთგაზიარების მიზნით. ორგანიზაცია 2018 წელს დაარსდა მუსიკოს ანა ნანუაშვილის მიერ.