პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კოპენჰაგენში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა


23.12.2019

ამა წლის 15 დეკემბერს, ქ. კოპენჰაგენში, დანიაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საქართველოს საელჩოსთან არსებულმა საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. დანიის სამეფოში საკვირაო სკოლა ოთხი წლის განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდა, აღნიშნული სკოლის აღდგენის ინიციატორი კი გახლავთ ქართული დიასპორის წარმომადგენელი ანი ქისტაური.

ქართულ საკვირაო სკოლაში პირველი გაკვეთილი სწორედ ანი ქისტაურმა ჩაატარა, რომლის ფარგლებში ბავშვებმა დაიწყეს ქართული ანბანის შესწავლა. სკოლის აღსაზრდელები ასევე  გაეცნენ საქართველოს რუკას, კუთხეებს, სულხან-საბა ორბელიანის ცნობილ იგავ-არაკებს კრებულიდან „სიბრძნე-სიცრუისა“ და მოისმინეს ქართული საშობაო სიმღერები.

საწყის ეტაპზე, საკვირაო სკოლაში გაკვეთილები ჩატარდება თვეში ერთხელ, კვირა დღეს, საქართველოს საელჩოს შენობაში საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში. შემდეგი გაკვეთილი სკოლაში ჩატარდება 2020 წლის 19 იანვარს.

აღნიშნული ქართული საკვირაო სკოლის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს:

მის: Kalvebod Brygge 45. 1560 Copenhagen / ტელ: (+45) 39 11 00 00 / E-mail: [email protected] / Facebook: @GEORGIAinDENMARK