
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები წარმატებით ჩატარდა.
19 აგვისტოს სტუმრების წინაშე წარსდგნენ ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“, ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო“ და ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
სტუმრები ასევე დაესწრნენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შეიქმნა, ვანო ხუციშვილის რეჟისორობით.
ფესტივალი 20 აგვისტოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“, კონცერტით დასრულდა. მანამდე კი მაყურებელი ფოლკლორული ანსამბლის, „იალონის“, შემოქმედებას გაეცნო და კიდევ ერთხელ იხილა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლს „ყველაფერი ნამდვილად იყო“.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი პირველად იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს. თუმცა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ფესტივალის პროგრამა შეიცვალა, კერძოდ, 5-6 და 12-13 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით ფესტივალში მონაწილეობდნენ, როგორც მუნიციპალური, ისე სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, კერძოდ:
- საქართველოს კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით;
- თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი („იავნანამ რა ჰქმნა?!“ და „საქართველო“, რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი);
- ფოლკლორული ანსამბლი „მარგალიტი“;
- საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი;
- ანსამბლი „ბასიანი“;
- ქუთაისის კამერული გუნდი;
- ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრი („ხალდე“ და „ჩემო კალამო“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე);
- ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („მატარებელი“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე);
- ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი („ფიროსმანი“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).