პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"Lufthansa" და "Air France" საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს აგვისტოდან განაახლებენ


23.07.2020

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანიები  "Lufthansa" და "Air France" მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისიდან განაახლებენ.

აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიებს - "Lufthansa" და "Air France"-ს შორის.

მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. გერმანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

• მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

• თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

პარიზი - თბილისი - პარიზის საჰაერო ხაზზე კი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება 8 აგვისტოდან. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს  კვირაში ასევე ორი სიხშირით განახორციელებს:

• პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;

• თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიუნხენის, პარიზისა და რიგის გარდა, საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.  

 

[საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი სპეციალური (სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული) და კომერციული ავიარეისების განრიგი - ივლისი/აგვისტო]

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]