პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა


07.04.2023

2023 წლის 30 მარტს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, წარმოადგინა ანგარიში სამინისტროს მიერ 2022 წელს  ქართული დიასპორის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.

საგარეო უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მინისტრის მოადგილემ  ისაუბრა სამინისტროს მიერ გატარებულ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც   დიასპორის პოტენციალის სრულად რეალიზებასა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ/საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს. ვლადიმერ კონსტანტინიდიმ   განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას, დიასპორული საგრანტო პროგრამების ინტენსიურობას და  დიასპორის გაზრდილ ინტერესს  პროგრამებში მონაწილეობის მიმართ.

აღინიშნა იმ პროგრამების წარმატებული მიმდინარეობა და პოზიტიური შედეგები, რომლებიც განხორციელდა დიასპორული ინიციატივების, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების, ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის კუთხით, აგრეთვე დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის აქტიური ჩართულობის მიმართულებით.

საგარეო უწყების საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას, საუბარი შეეხო დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებსაც. კომიტეტმა და საგარეო უწყებამ ერთობლივად იმსჯელეს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზებზე, დიასპორის მიმართულებით დასახული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო მექანიზმებზე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და საგარეო უწყების მჭიდრო თანამშრომლობაზე  დიასპორის კუთხით არსებული სირთულეებისა და თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად.