პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ თესალონიკში ახალი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა


25.05.2021

საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ თესალონიკში ახალი ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა, რომელიც თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში იფუნქციონირებს. სკოლა თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს, ნოდარ კომახიძესა და თესალონიკის მერს, კონსტანტინოს ზერვასს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიხსნა.

საკვირაო სკოლის საზეიმოდ გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა, თესალონიკის მერი კონსტანტინოს ზერვასი, ვიცე-მერი განათლების საკითხებში იოანა კოსმოპულუ, თესალონიკში საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელი მანოლია ალბანაკი, N40 საჯარო სკოლის დირექტორი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ და საუბრისას ყურადღება გაამახვილა ქართული სკოლის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე თესალონიკში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა თესალონიკის მერს და აღნიშნა, რომ მისი თანადგომითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება.

„ჩვენს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. განსაკუთრებულად ვულოცავ საკვირაო სკოლის გახსნას ჩვენს ბავშვებს, მასწავლებლებს და მათ მშობლებს. საკვირაო სკოლაში ჩვენს პატარა თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ“, - განაცხადა გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ.

საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ქართული ენის შესმწავლელი სახელმძღვანელოები და სასკოლო ნივთები.

ღონისძიების დასასრულს, თესალონიკში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლების - „საქართველო“, „მამული“ და „ფესვები“ ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ.