პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო


12.05.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. ბრწყინვალე კარიერის მანძილზე, ლექსო თორაძემ, მისთვის დამახასიათებელი მასშტაბური და არტისტული საშემსრულებლო ხელოვნებით არაერთხელ გააოცა და აღაფრთოვანა საერთაშორისო მსმენელი  და სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას. 

გარდა საშემსრულებლო მოღვაწეობისა, ლექსო თორაძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ინდიანას შტატის ქალაქ საუთ-ბენდის უნივერსიტეტში, სადაც მან დააარსა საფორტეპიანო სტუდია - Toradze Piano Studio, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.

ლექსო თორაძე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების მიმართ, რათა ისინი სრულფასოვნად დაუფლებოდნენ საშემსრულებლო ოსტატობას და გარდა თავიანთი კარიერული წინსვლისა, მოეხდინათ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. 

2021 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის -„განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა აღიარება“ ფარგლებში, ნომინაციაში „ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის“, სწორედ ლექსო თორაძე დაჯილდოვდა.

ლექსო თორაძის გარდაცვალება დიდი ტრაგედია და დანაკლისია მსოფლიო მუსიკალური საზოგადოებისათვის, მისი სამშობლოსათვის, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს და შემოქმედებას.