პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საკუთარი მოქალაქეები გამოიყვანა მაღალი რისკის ქვეყნებიდან - დავით ზალკალიანი


22.03.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 3000 მოქალაქე არის გამოყვანილი მაღალი რისკის ქვეყნებიდან და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეძლო საკუთარი მოქალაქეების გამოყვანა მაღალი რისკის ქვეყნებიდან მაშინ, როდესაც ეს ვერ მოახერხეს დიდმა სახელმწიფოებმა. მისი თქმით, მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24-საათიან რეჟიმში დახმარებას უწევენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.

 „მინდა შეგახსენოთ, ერთი თვის წინ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთიდან გამოვიყვანეთ ჩვენი პარტნიორების - თურქების და ფრანგების დახმარებით და ჩვენი საკუთარი რესურსით. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა რომიდან, ორი სპეცრეისით. მოგეხსენებათ, როგორ ორგანიზებულად და კოორდინირებულად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ჩვენ 400-მდე ჩვენი მოქალაქე გამოვიყვანეთ პოლონეთიდან LOT-ის დახმარებით.  მე პირადად მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან  იმისთვის, რომ 90 მოქალაქეს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა შეექმნა ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე, შეძლებოდა საქართველოში დაბრუნება.  ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ასეთ შემთხვევებთან საქმე. დღეს უკრაინიდან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები. დღესვე შესრულდება დუბაის რეისი და იქიდანაც დარუნდებიან. გუშინ, გვიან საღამოს BELAVIA-შეასრულა ფრენა და მაშინ როდესაც 165 ადამიანს ველოდით, მხოლოდ 120 მათგანი გამოცხადდა“, - განაცხადა მინისტრმა საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე,  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაბრუნება მოხდეს ეტაპობრივად და სრულ კოორდინაციაში, რათა ადგილზე შესაძლებელი იყოს მათთვის შესაბამისი საკარანტინო პროცედურების სათანადოდ გატარება.

„ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა ვიმოქმედოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მე ვთხოვ ყველას, მათ შორის, ბიზნესს, რომ აქ მთავარი არა ბიზნეს ინტერესები, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაა. ყველას ვეხმარებით შეძლებისდაგვარად. ჩვენი დიპლომატები საკუთარი ჯიბიდან უნაწილებენ დახმარებას. ბევრი პრობლემა გვექმნება ყოველდღიურად, რის შესახებაც არ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ადამიანებს ადგილზე ვუგვარებთ პრობლემებს. რადგან არ ვსაუბრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არაფერი არ კეთდება. პირიქით, ყველას ვეხმარებით და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.