პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩი დუბლინში მოქმედ ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგებს შეხვდა 


01.10.2019

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის "ლამპარის" დირექტორთან, ანელი აწკარუნაშვილთან და სკოლის მასწავლებლებთან - ეკა ფეიქრიშვილთან, ქეთევან ჯიღაურთან და თეა ლიპარტელიანთან.

შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა ისაუბრა საზღვარგარეთ ქართული ენის პოპულარიზაციაზე და აღნიშნა, რომ იგი საქართველოს კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ელჩმა ხაზი გაუსვა, აღნიშნული კუთხით საკვირაო სკოლების პედაგოგთა საქმიანობის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში ქართული დიასპორის ახალგაზრდა თაობას, მათ შორის, შერეული ირლანდიურ-ქართული ოჯახის ბავშვებს, აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ქართული ენა, გაეცნონ საქართველოს ისტორიას და და ეზიარონ უძველეს ქართულ კულტურას.  

თავის მხრივ, საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სკოლის სამომავლო გეგმებზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ქართული ენის პოპულარიზაციაა ირლანდიაში.

საქართველოს ელჩმა საკვირაო სკოლის პედაგოგებს საჩუქრად გადასცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული ქართული ენისა და ანბანის ილუსტრირებული ბროშურები და 2020 წლის კალენდრები.

საკვირაო სკოლა „ლამპარი“ დუბლინში არსებული ქართული საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ფუნქციონირებს. ცენტრი 2009 წელს დაარსდა და იგი დაფუძნების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს ეროვნული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნებას ირლანდიაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში.