პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩომ 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა


26.05.2021

2021 წლის 26 მაისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ელექტრონული პლატფორმის (www.artmusic.tv) მეშვეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა.

ონლაინ ფორმატში გამართულ ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს წრეების, ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და მედიის წარმომადგენლები, სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები თანამემამულეები და საქართველოს მეგობრები.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ჰიმნები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, რომელმაც ისაუბრა 26 მაისისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოს მიერ დამოუკიდებელი რესპუბლიკის საფუძვლების ფორმირების მიმართულებით განვლილ გზაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე.

ელჩმა საგანგებო ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ორი ნაწილის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის განგრძობად ოკუპაციაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და კონფლიქტის გადაწყვეტის მშვიდობიანი გზისადმი საქართველოს ერთგულებაზე. საქართველოს ელჩმა ისაუბრა, ასევე, კოვიდ-19 პანდემიაზე და ღონისძიებაზე დამსწრეთ ამ კუთხით არსებული სირთულეების ახლო მომავალში დაძლევა უსურვა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა, აგრეთვე, „აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის“ ხელმძღვანელმა მარიუს ჰაინსმა. მან ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ისაუბრა სავაჭრო პალატის საქმიანობაზე, რომელიც საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული.

მარიუს ჰაინსმა სამხრეთ აფრიკელებს და საქართველოს ყველა მეგობარს მოუწოდა, პანდემიის დასრულებისთანავე, საქართველოში ვიზიტისკენ. მისი განცხადებით, საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტისთვის, ვინაიდან ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, ქვეყანას მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში. მარიუს ჰაინსმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, სავაჭრო პალატის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა პროექტზე (მეღვინეების გაცვლითი პროგრამა; რაგბის სფეროში კონტაქტები), რომელიც ძირითად მიზნებთან ერთად, ორ ქვეყანას და ხალხს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებასა და ერთმანეთის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენებ იქნა: რამაზ ბლუაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ შესახებ, რომელიც ნასამ კოსმოსში კვლევითი მიზნებისთვის 1977 წელს გაშვებული კოსმოსური ხომალდების „ვოიაჯერ 1“-ის და „ვოიაჯერ-2“-ის ბორტზე განთავსებული „ოქროს დისკის“ ჩანაწერებს შორის შეიტანა; ბოლო წლებში სამხრეთ აფრიკაში შემოქმედებითი ტურნეებიდან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკელი მსმენელისთვის უკვე ნაცნობი ქართველი პიანისტების - მარიამ ბაწაშვილის, სოფო ლეჟავას და დავით ალადაშვილის მიმართვები და მათ მიერ შესრულებული მუსიკალურ კომპოზიციები; ასევე, გიორგი შერმაზანაშვილის მიერ დრონით გადაღებული საქართველოს ამსახველი ვიდეო-კოლაჟი.

#26მაისი #ესდღეჩვენია