პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ქართულ დიასპორასა და საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის


02.09.2022

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ქ. ნიურნბერგში დაგეგმილია საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გერმანიაში თანამემამულეებთან.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე ქართული კომპანია შესაფუთი მასალების ინდუსტრიიდან, რომლებიც 27-29 სექტემბერს, დაესწრებიან ევროპის უმსხვილეს სავაჭრო გამოფენას შესაფუთი მასალების მიმართულებით - FACHPACK 2022 . აღნიშნული კომპანიები ერთიანდებიან გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ ასოციაციაში - შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერ  (PMAG), აქვთ საკუთარი წარმოებისა და სერვისის გაფართოების, ხარისხის გაუმჯობესებისა და გერმანიის ბაზარზე ექსპორტის ინტერესი.

ქართულ დიასპორასთან შეხვედრის ორგანიზატორია გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიება ხორციელდება პროექტის - ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ფარგლებში. 

ქართულ დიასპორასთან შეხვედრის მიზანს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეების ცოდნის გაზიარება ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარების, გერმანიის ბაზარზე წვდომისა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით. ინტერაქციულ ფორმატში, პირისპირ შეხვედრის დროს დიასპორის წარმომადგენლებისთვის შესაძლებელი იქნება ქართული კომპანიების საქმიანობის უკეთ გაცნობა, მათთან თანამშრომლობის დაგეგმვა, საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობების განხილვა.