პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მეხიკოში


13.04.2021

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, მექსიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ მეხიკოში გაიმართა შეხვედრა ქართულ დიასპორასთან.

თანამემამულეებთან შეხვედრაზე საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ეროვნული მოძრაობის გმირებზე, 1989 წლის 9 აპრილის, 1991 წლის 31 მარტისა და 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილი-გაგუამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მექსიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის სამომავლო გეგმები, მათ შორის, იდალგოს საერთაშორისო ფესტივალში, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის მონაწილეობის პროგრამა - 23 აპრილიდან 30 აპრილამდე, სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალსა და გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე მონაწილეობის გეგმები და სხვ.

შეხვედრის ფარგლებში, თანამემამულეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებზე უცხოეთში ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საგარეო უწყების მიერ, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში: "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა", "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" და "უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა".