პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შვეიცარიის საქმიანმა წრეებმა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ მიიღეს ინფორმაცია


23.06.2022

შვეიცარიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ბიზნეს გარემოს გაეცნენ.

2022 წლის 16 ივნისს ჟენევაში გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატა. პარტნიორი გახლდათ  ჟენევის ვაჭრობის, მრეწველობისა და სერვისების პალატა.

შვეიცარიის საქმიან წრეებთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ინტერესის საგანი გახლდათ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი, განახლებადი ენერგიისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობები.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა ნუგზარ ხაინდრავამ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ.

შვეიცარიის მხრიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტრო) SECO-ს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დესკ ოფიცერი სერაინა სიგრონი, SECO-ს სტარტ-აფ ფონდის დირექტორი ანდრეას რეგაცი, ჟენევის ვაჭრობის, მრეწველობისა და სერვისების პალატის გენერალური დირექტორი ვინსენთ სუბილია. შეხვედრას ესწრებოდა 40-ზე მეტი შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელი.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ. მან ისაუბრა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. და ყურადღება გაამახვილა მუდმივი ერთობლივი ძალისხმევის, ასევე, არსებული ინსტრუმენტების (თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბიზნეს-ფორუმები, სავაჭრო მისიები, ექსპერტთა ვიზიტები) გამოყენების მნიშვნელობაზე, მან აღნიშნა, რომ ფართოვდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მიგრაცია, გარემოსა და კლიმატის დაცვა.

მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და კერძო სექტორის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, საგარეო შოკების მიუხედავად, პოზიტიურია დინამიკა ეკონომიკური აქტივობის, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს და შვეიცარიის ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნა, რომ მათ განვითარებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ. გენადი არველაძის თქმით, მხოლოდ 2022 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა შვეიცარიასთან 34 პროცენტით, ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი შვეიცარიის ბაზარზე 45 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად სჭირდება ათვისება.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე, რამაც შვეიცარული კომპანიების წარმომადგენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა შვეიცარული კომპანია „ბლაუენშტაინის“ დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა. კომპანია რამდენიმე წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და შვეიცარიის გაერთიანებულ სავაჭრო პალატას შორის.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.