პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში პროგრამა „პატრიოტი დიასპორელის“ პრეზენტაცია გაიმართა


18.04.2022

2022 წლის 13 აპრილს, ქ. თბილისის კლასიკურ  გიმნაზიაში პროგრამა „პატრიოტი დიასპორელის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია გერმანიაში მცხოვრები თანამემამულე, ნინო ციბაძე. პროექტი ხორციელდება ფონდის „საქართველოს ემიგრანტები“ დამფუძნებლის, ქეთევან კინწურაშვილის მხარდაჭერით.

პროგრამა გულისხმობს საზღვარგარეთ მცხოვრები დიასპორელი ბავშვების მონაწილეობას მოკლევადიან და სეზონურ გაცვლით პროგრამებში, რომლის ფარგლებში თანამემამულე მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, რაც მათ დაეხმარება  ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებაში, ქართული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის გაცნობაში, ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებაში. პროექტში ჩართული ქართული საჯარო სკოლა მიიღებს „პატრიოტი სკოლის“ სტატუსს. ქართული სკოლების შერჩევა მოხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით. პროექტი განხორციელდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების ჩართულობით.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პროექტის ჰიმნის პრეზენტაცია, იყო ჩართვა უცხოეთის ქვეყნების დიასპორული ორგანიზაციებიდანაც. ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბავშვების და საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა შემოქმედებითი საღამო.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ მახარაშვილი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.