პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტიროლის ფედერალურ მიწაზე საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა


23.09.2021

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ახალი საპატიო საკონსულო ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ხოლო საპატიო კონსულად დაინიშნა - პროფესორი გიუნტერ ბონი.

პროფესორი გიუნტერ ბონი ავსტრიაში, მედიცინის სფეროში მოღვაწე მეცნიერი და საზოგადო მოღვაწეა. იგი გახლავთ ინსბრუკის უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიისა და  რადიოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აგრეთვე, ავსტრიის წამლების სკრინინგის ინსტიტუტის (ADSI) ხელმძღვანელი და სამეცნიერო დირექტორი. პროფესორი გიუნტერ ბონი, რომელსაც საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, საქართველოს საპატიო კონსულად დანიშვნის შემდეგ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამეცნიერო დონეზე, აგრეთვე, საქართველოს და ავსტრიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ამით ორი დამეგობრებული ქალაქის - ინსბრუკისა და თბილისის ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას. 

საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა საქართველოს ელჩისა და კონსულის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა მისი ტიროლში ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

თანამოქალაქეებს აგრეთვე საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.