პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტორონტოში ფესტივალი „აღმოაჩინე საქართველო“ გაიმართა


15.09.2019

ა.წ. 15 სექტემბერს, კანადაში, ტორონტოს მელ ლასტმანის სახელობის სკვერში, ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ფესტივალი „აღმოაჩინე საქართველო“.

ქართული სიმღერის, ცეკვისა და კულინარიის ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა და იგი ნატო-ს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების საპატიო სტუმარი გახლდათ კანადის ნატო-ს ასოციაცია. ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალზე ტორონტოელებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს საელჩოს მიერ მომზადებული თემატური ფოტოგამოფენები: „საქართველოს გზა ნატო-ში წევრობისკენ“ და „50 ქალი საქართველოდან“.

ფესტივალის ფარგლებში, ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციამ გამართა საქველმოქმედო ბაზრობა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეძინათ ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები. ტორონტოში არსებული ქართული რესტორნები ,,სულიკო” და “მიმინო“ კი ტორონტოელებს ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში, გაიმართა ქართული სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კანადაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსებმა, მათ შორის, ქართულ-კანადურმა ანსამბლებმა “დარბაზი” და „ზარი“. კონცერტზე ქართული ხალხური ცეკვებით წარსდგა, აგრეთვე, ტორონტოში მოქმედი ანსამბლი „ქართული სული“ (დამაარსებელი და ხელმძღვანელი: ნონა ბერიკაშვილი).

ღინისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოს უძველეს ისტორიაზე, უნიკალურ ქართულ კულტურასა და მეღვინეობის 8000-წლოვან ტრადიციაზე. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, იმ ევროპულ ფასეულობებზე, რომელთა ერთგულიც საქართველო ყოველთვის იყო და ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ის დიდი წვლილი, რაც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე კანადის ნატო-ს ასოციაციის პრეზიდენტი რობერ ბეინსი და ვიცე-პრეზიდენტი კეთრინ ლენგლი ჰოუფი.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალმა „აღმოაჩინე საქართველო“ უკვე ტრადიციული სახე მიიღო და მისი მეშვეობით, სულ უფრო მეტი კანადელი ეცნობა ქართულ კულტურას და ინტერესდება საქართველოთი.

წლევანდელი ფესტივალის ორგანიზებას სპონსორობა გაუწია ემიგრანტმა ბიზნესმენმა ლევან ტოპრიკაშვილმა.