პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში საქართველოს ელჩი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა


07.08.2019

ა.წ. 7 აგვისტოს, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრები გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.

თავის მხრივ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.