პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"უცხოეთიდან 3000-მდე ადამიანი ჩამოვიყვანეთ, დანარჩენების ჩამოყვანა მოხდება ეტაპობრივად“ - დავით ზალკალიანი


22.03.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამემამულეების დასახმარებლად, მიმდინარეობს ყველა მოქალაქის აღრიცხვა და მათი სამშობლოში დაბრუნება მოხდება ეტაპობრივად.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საეთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში მოხდენს უახლოესი მარშრუტების განსაზღვრას ევროპის მიმართულებით, რათა განხორციელდეს მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება.

 „ვითარება არ არის მარტივი. ვირუსის დინამიკა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება, ჩვენც საგანგებო რეჟიმში გვიწევს რეაგირება. სიტუაცია იცვლება საათობრივად და აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესია, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოხდეს ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა ევროპის დედაქალაქებიდან. ხაზს ვუსვამ - ეტაპობრივად, რადგან აუცილებელია, რომ ჩვენი სისტემა და ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად მზად იმისთვის, რომ ჩვენ ეს ხალხი მივიღოთ. იცით, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა. კარანტინისთვის სივრცეების რაოდენობა საკმარისია, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს მზად  და აუცილებელია, რომ იყოს ბალანსი ჩამომსვლელთა რაოდენობასა და არსებულ ინფრასტრუქტურას შორის“, - განაცხადა მინისტრმა

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები აგროვებენ ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ, ყველას ადგილზე აღმოუჩენენ დახმარებას და მათი გამომგზავრებაც იქნება უზრუნველყოფილი.

„ჩვენ ვაგროვებთ ყველა მონაცემს. ამ ინფორმაციის შემდგომი აკუმულაცია და კოორდინაცია ხდება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით, ხდება რეისების დაგეგმვა. ბოლო ორი კვირის მანძილზე 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი. არც ერთ ქვეყანას მსგავსი ქმედება, მსგავსი სახის ევაკუაცია საკუთარი მოქალაქეების არ განუხორციელებია. ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ გააკეთეს ეს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.