პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები დაიწყება


19.03.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ სამედიცინო კონსულტაციას მიიღებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმყოფება მუდმივ კავშირზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და უკვე დაგეგმილია ერთობლივი ონლაინ კონსულტაციის მომსახურების დაწყება.

„ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან აქვთ ბევრი შეკითხვა. ჩვენი საელჩოები და საკონსულოები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათ დაეხმარონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში. ჩვენ შევთანხმდით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რომ თბილისში შეიქმნას სპეციალური მომსახურება, რომლის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ კონსულტაციის მიღებას სპეციალისტებისგან“, - აღიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა ყველა ქვეყანაში მოახდინონ კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქეების ზუსტი აღრიცხვა.

„გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ბუნებრივია, ვართ კომუნიკაციაში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ერთობლივი ონლაინ კონსულტაციის მომსახურების დაფუძნება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც ჩვენ აღრიცხული გვყავს და სახლის პირობებში გადის თვითიზოლაციას, იყოს ინფორმირებული ქართველი სპეციალისტების მიერ და ჰქონდეთ მათ შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.