პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვენაში დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა


21.11.2022

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, ქ. ვენაში გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია. 

 

პროექტის ავტორმა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქ. გრაცის ქართული საკვირაო სკოლა “ იმედის” ხელმძღვანელმა, რუსუდან ზაზაშვილმა საღამოზე წარმოადგინა ფოტოგამოფენა “ ქართული საგანძური ავსტრიაში - ვიცოდეთ რისი პატრონები ვართ”. 

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის 33 ექსპონატი - ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები ორიგინალის ზომის ფოტო-ვერსიების სახით, რომლებიც დამსწრე აუდიტორიას საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა და გამოფენის კურატორმა, მაია ჯამბაზიშვილმა წარუდგინა. 

პროექტის ფარგლებში, გაიმართა აგრეთვე, ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი” ჩვენება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმის ჩვენებას ესწრებოდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და მთავარი როლის შემსრულებელი რეზო ჩხიკვიშვილი, რომელმაც კინოჩვენების შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. 

 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს და ყურადღება გაამახვილა მსგავსი სახის პროექტების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით. 

საღამო მუსიკალურად გააფორმა გრაცის ქართული საკვირაო სკოლის “იმედის” ბავშვთა ვოკალურმა გუნდმა.