პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ნიურნბერგში

2022 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ ნიურნბერგში გაიმართა შეხვედრა ქართულ დიასპორასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ნოშრევან ლომთათიძე, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, გატარებული რეფორმების, საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების, ენერგეტიკული, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და IT სფეროში არსებული შესაძლებლობების, ასევე ინვესტირებისა და ექსპორტის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

ქართულ დიასპორასა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი წარმოების სტანდარტების შესახებ, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, გერმანიის ბაზარზე წვდომისა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით.

ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებდა პირისპირ შეხვედრებს ინტერაქტიულ ფორმატში, რომლის დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული კომპანიების საქმიანობებს, დაეგეგმათ შეხვედრები შესაძლო თანამშრომლობისთვის. შეხვედრების ფარგლებში ასევე, განიხილებოდა საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ქართული კომპანიები შესაფუთი მასალების ინდუსტრიიდან, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ევროპის უმსხვილეს სავაჭრო გამოფენას შესაფუთი მასალების მიმარულებით - FACHPACK 2022. აღნიშნული შესაფუთი მასალების კომპანიები, რომლებსაც აქვთ საკუთარი წარმოებისა და სერვისის გაფართოების, ხარისხის გაუმჯობესებისა და გერმანიის ბაზარზე ექსპორტის ინტერესი, ერთიანდებიან გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ ასოციაციაში - შესაფუთი მასალების მწარმოებელთა კლასტერი (PMAG).

დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხი, რომლის დროსაც, დიასპორასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის დისკუსია შეეხო საქართველოში ევროპული სტანდარტის შესაბამისად პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს და შემდგომი რეალიზებისთვის ევროპულ ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფის გზებს.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია გაეროს მიგრაციის სააგენტომ - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ღონისძიება განხორციელდა პროექტის - ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში.

სასარგებლო ბმულები