პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის სტრატეგია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა პროგრამა, რომლის მიზანიცაა ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ ეს არის სტრატეგიული ხედვა და დიასპორასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საქმიანობის სამოქმედო გეგმა, რომელიც მსგავსი სახით საქართველოში პირველად იქნა მიღებული. განსაკუთრებულად ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აღნიშნული სტრატეგია შემუშავდა დიასპორის აქტიური ჩართულობით. განხილვები ჩატარდა ორ ეტაპად და ჩვენი თანამემამულეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების აბსოლუტური უმრავლესობა პროგრამის საბოლოო ვერსიაში აისახა.

 

პროგრამა „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“

 

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 2. პროგრამის ამოცანები

პროგრამის ამოცანებია:

ა) თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება;

გ) დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა;

დ) სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

 

მუხლი 3. პროგრამის აქტივობები

პროგრამის აქტივობებია:

ა) დიასპორის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების ერთობლივად დასახვა;

ბ) დიასპორაში მიმდინარე მოვლენებისა და არსებული პროექტების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა;

გ) დიასპორის შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით დიასპორის საკითხებზე სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა;

დ) რეგულარული შეხვედრები დიასპორის წარმომადგენლებთან;

ე) თანამემამულეებისათვის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დიასპორასთან დაკავშირებული საკითხებზე მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

ვ) დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის გასააქტიურებლად, როგორც ორგანიზაციულად – დიასპორის წევრებს შორის, ისე საერთაშორისო დონეზე;

ზ) საზღვარგარეთ თანამემამულეთა დარგობრივი გაერთიანებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან მათი დაკავშირება;

თ) ფორუმებისა და კონფერენციების ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით სხვადასხვა სფეროში ახალი იდეების გაჩენასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას;

ი) ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიასპორული სპორტული და ინტელექტუალური თამაშების ორგანიზების გზით დიასპორაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ქართველებს შორის ურთიერთობათა ინტენსიფიკაციის ხელშეწყობა;

კ) თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა;

ლ) ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება;

მ) დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა.

 

მუხლი 4. პროგრამით განსახორციელებლი ღონისძიებები

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს განეკუთვნება:

ა) დიასპორის წარმომადგენლებისათვის „ცხელი ხაზის“ ამოქმედება, რომლის დახმარებითაც მოხდება პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება;

ბ) საზღვარგარეთ დიასპორის წარმომადგენლებისათვის სამედიცინო აქციები, ექიმების ჯგუფის გაგზავნა, უფასო სამედიცინო კონსულტაციები და მკურნალობის ხელშეწყობა;

გ) თანამემამულეებისათვის მშობლიურ ენაზე იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

დ) თანამემამულეებისათვის ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიგრანტებისათვის საჭირო ინფორმაცის მიწოდება;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეების საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

ვ) ადგილსამყოფელი ქვეყნის განვითარებაში ქართული დიასპორის მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენა და დაფასება;

ზ) საკვირაო სკოლების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და იდეური მხარდაჭერა;

თ) ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის ხელშეწყობა;

ი) საკვირაო და ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს შორის ქართული ენის ოლიმპიადის ორგანიზება და გამარჯვებულების საქართველოში მოგზაურობით დაჯილდოება;

კ) საკვირაო და ქართულენოვან სკოლებში პედაგოგთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ორგანიზება, სერტიფიცირებისთვის აუცილებელი კურიკულუმებისა და პროგრამების მომზადება, პედაგოგთა პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

ლ) უცხოეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა;

მ) საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში თანამემამულეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, კულტურის სფეროში მოღვაწე თანამემამულეების მხარდაჭერა;

ნ) საზღვარგარეთ მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაცია საქართველოში;

ო) საქართველოში მოქმედი თეატრალური დასების, ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლებისა და ცალკეული მუსიკოსების გასტროლების ხელშეწყობა დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

პ) თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ პერიოდულად განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა და სრულყოფა;

ჟ) დიასპორული ორგანიზაციების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მოპოვება;

რ) დიასპორულ ორგანიზაციებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება;

ს) დიასპორული ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

ტ) ტრენინგების ორგანიზება დიასპორული ორგანიზაციების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად;

უ) დიასპორულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ფ) დიასპორის საკითხებზე მომუშავე დიპლომატებისთვის სპეციალიზებული ტრენინგების ჩატარება;

ქ) საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების ელექტრონული ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;

ღ) თანამემამულეებისათვის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ვებპორტალის აპლიკაციის შექმნა და მისი მეშვეობით მზარდი ინფორმაციული ნაკადის ერთმანეთში გაცვლის ხელშეწყობა;

ყ) დიასპორული პროექტებისა და თანამემამულეებისათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროაქტიულად უზრუნველყოფა;

შ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მეცნიერების, საქართველოს სამეცნიერო სივრცის განვითარებაში ჩართულობის ხელშეწყობა;

ჩ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება;

ც) დიასპორის ჩართულობის ზრდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაში, ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაში და ქართული პროდუქციის ადგილსამყოფელ ქვეყანაში ექსპორტის წახალისებაში;

ძ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბიზნესმენების მიერ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდების, აგრეთვე, მათი დახმარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ბიზნესწრეებში საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციაში დიასპორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა;

წ) ახალგაზრდა თაობის პოტენციალის რეალიზების, სამშობლოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს პოპულარიზაციაში აქტიური ჩართულობის მიზნით, „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის არეალის გაფართოება;

ჭ) სამშობლოში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით, დიასპორული სტაჟირების პროგრამის გაფართოება;

ხ) სახალხო დიპლომატიის მექანიზმის აქტიური ამოქმედებისათვის ხალხთაშორისი მეგობრობის პროგრამების დანერგვა და განვითარების ხელშეწყობა;

ჯ) უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეებისა და უცხოელი მეგობრების მიღწევებისა და საქართველოს მიმართ გაწეული ღვაწლის აღიარების, დაფასებისა და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობის გაგრძელების დამატებითი მოტივაციისათვის დიასპორის წარმომადგენლების და საქართველოს უცხოელი მეგობრების დაჯილდოება;

ჰ) ყოველწლიური, სპორტული, დიასპორული ,,ოლიმპიადის’’ ორგანიზება საქართველოში;

ჰ1) დიასპორული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ჰ2) ქართული დიასპორის დღის - 27 მაისის აღნიშვნა;

ჰ3) საქართველოში მოქმედი სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ ინფორმაციის აქტიურად მიწოდება;

ჰ4) ახალი სარეინტეგრაციო პროგრამების დანერგვა და განვითარების ხელშეწყობა.

 

სასარგებლო ბმულები