პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა - ,,ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, სადაც მონაწილეობდნენ თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში ბიზნესის სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესში ჩართულობა, საქართველოს საინვესტიციო გარემოთი და ეკონომიკური შესაძლებლობებით დაინტერესება დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი რეგულარული ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესების, გატარებული რეფორმების და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ, რაც ჩვენს თანამემამულეებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ განახორციელონ საინტერესო ბიზნეს პროექტები, არამედ შეასრულონ ერთგვარი „საინვესტიციო წარმომადგენლების“ როლი უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეეხვედრა არის ა. წ. 27 მაისს, ქ. თბილისში დიასპორის დღის ფარგლებში გამართული ფორუმის გაგრძელება, სადაც „ბიზნესის და ეკონომიკის“ თემატური ჯგუფის მონაწილეებმა  გამოხატეს სურვილი პერიოდულად, ონლაინ ფორმატში მიიღონ ინფორმაცია ბიზნეს სიახლეების შესახებ. 

შეხვედრაზე სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ნოშრევან ლომთათიძემ და სსიპ „აწარმოე საქართველოს“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ჩუხუამ განიხილეს საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერი ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები. ყურადღება გამახვილდა საზღვარგარეთ წარმატებული თანამემამულე მეწარმეების მიერ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე, პრაქტიკულ თუ ფორმალურ საკითხებზე.

 

სასარგებლო ბმულები