პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისი - ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე, ზღვის დონიდან 80-120 მეტრზე. თბილისიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირებას ავტობობილით ჭირდება 3-3,5 საათი. ქუთაისზე გადის საქართველოს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი, რკინიგზა. აქ მდებარეობს „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი“.

ქალაქი გამოირჩევა მრავალფეროვანი ისტორიით, არქიტექტურით, ისტორიული ძეგლებით, მღვიმეებით, კანიონებით და ტურისტებისთვის ძალზედ მიმზიდველია.

ქუთაისი ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი (ქალაქ ქუთაისის ისტორია იხ. აქ: https://georgiantravelguide.com/ka/kutaisi).

შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში - აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის და ბევრი სხვა გამოჩენილი პიროვნების საქმიანობას.

ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

ცნობილია ქუთაისის თეთრი ხიდი, რომელიც მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს.

ქუთაისში ბევრი კულტურული დაწესებულებაა: ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი.

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა 138.2 ათას კაცს შეადგენს.

ქ. ქუთაისში ფუნქციონირებს სხვადასხვა სამრეწველო ობიექტი. მათ შორისაა: ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ავტომექანიკური ქარხანა; სამკერვალო ფაბრიკა - შპს „ქუთაისი ტექსტილე“; სილიკო-მანგანუმის წარმოება - „ჯეო ინტერ პრაიზი“. იგეგმება ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა.

ქუთაისში 12 ადმინისტრაციული ერთეულია:

  • ადმინისტრაციული ერთეული ავტოქარხანა;
  • ადმინისტრაციული ერთეული გამარჯვება;
  • ადმინისტრაციული ერთეული გუმათი;
  • ადმინისტრაციული ერთეული ვაკისუბანი;
  • ადმინისტრაციული ერთეული კახიანოური;
  • ადმინისტრაციული ერთეული მუხნარი;
  • ადმინისტრაციული ერთეული ნიკეა;
  • ადმინისტრაციული ერთეული საფიჩხია;
  • ადმინისტრაციული ერთეული სულხან-საბა;
  • ადმინისტრაციული ერთეული უქიმერიონი;
  • ადმინისტრაციული ერთეული ქალაქ-მუზეუმი;
  • ადმინისტრაციული ერთეული ძელქვიანი.

 

 

 

სასარგებლო ბმულები