პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 973 კმ²-ს. მდებარეობს მდინარეების ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით - ცხინვალის რეგიონი, სამხრეთით – ხაშურისა და ხარაგაულის, დასავლეთით - ჭიათურის მუნიციპალიტეტები.

მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. იმერეთის მაღლობის ფარგლებში ჭარბობს ვაკე რელიეფი

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნია ძველი ნამოსახლარები: პასიეთის გორასამარხი, ნაჩერქეზევი, სარეკის ეხი; ნამოსახლარები მოდინახეს ციხეზე, სოფლებში არგვეთი, საირხე, კალვათა, ჭორვილა, ჭალა.

გვიან შუა საუკუნეებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სხვადასხვა ფეოდალურ საგვარეულოებს ეკუთვნოდათ. წერეთლების რეზიდენცია მოდინახეს ციხე იყო, ხოლო აბაშიძეების - სოფელი ჭალა.

1928 წლამდე ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1928-1930 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930-1939 წლებში - ჭიათურის რაიონში. 1939 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 127 ისტორიული ძეგლია, რომელთაგან 27 ეროვნული, 100 კი ადგილობრივი მნიშვნელობისაა. მათგან აღსანიშნავია: XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე „მოდინახე“, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სოფელ სხვიტორში, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში - ჯრუჭის მონასტერი, სადაც შენახული იყო ჯრუჭის ოთხთავად წოდებული სახარება; სოფელ სავანეში - 1046 წელს აშენებული სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, XI საუკუნის ქორეთის ღვთაების ეკლესია, სოფელ სპეთში - XI საუკუნის სპეთის ზედამაცხოვარი და სხვა.

წიაღისეულიდან ყველაზე მნიშნელოვანია კვერეთის გოგირდოვანი წყლები, არის აგრეთვე კვარცის სილები (არგვეთი, ბაჯითი, ირტავაზა, იცქისი, სავანე, სარეკი). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წიაღისეულის სხვა საბადოებია: გიშერი და ქვანახშირი (სოფელი ცხამი), პემზა (სოფელი კორბოული), მარმარილო (სოფელი დუნთა).

მუნიციპალიტეტში ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 65 000 ჰექტარს. ტყეს ძირითადად წიფელი ქმნის. ამას გარდა გვხვდება ქართული მუხა, რცხილა, ჯაგრცხილა, იფანი, ნეკერჩხალი, თელა და სხვა. ტყეში არის კუნელი, ზღმარტლი, იელი, თრიმლი და სხვა.

ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობა მისდევს მევენახეობას, მესაქონლეობას, მარცვლეულისა და ბოსტნეული კულტურების წარმოებას. რამდენიმე სოფელში აქტიურად მოიპოვებენ კვარიციანი ქვიშას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი კვერეთი.

2014 წლის მონაცემებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 37 775 ადამიანი.

გზების საერთო სიგრძე 173 კილომეტრია, მათ შორის ასფალტირებულია 50 კილომეტრი. გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ზესტაფონი-გომი, ასევე რკინიზგის მონაკვეთი ზესტაფონი-საჩხერე. მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება წყაროებითა და ჭებით.

მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 45 სოფელი.

 

 

 

სასარგებლო ბმულები