პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დღნორისა - სოფელი იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, დღნორისის ადმინისტრაციული ეთეულის ერთ-ერთი სოფელი. მდებარეობს მდინარე რიონის ხეობის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან არის 800 მეტრის სიმაღლეზე, წყალტუბოდან დაშორებულია 60 კილომეტრით. სოფელი 13 კმ-ით არის დაშორებული ქუთაისი-ალპანა-მამისონის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან. უახლოესი რკინიგზის სადგურია „ქუთაისი“ (50 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაშორებულია 72 კმ-ით.
სოფელ დღნორისის სახელწოდება, სოფლის უხუცესი ადამიანების მონათხრობით, წარმოშობილია სიტყვა „დღნორი“-თ, რაც ნიშნავდა საზღვარს ლეჩხუმსა და რაჭას შორის. ამ ადგილას მე-18 საუკუნეში დაარსდა სოფელი და დაერქვა დღნორისა.
დასახლებელი პუნქტის ღირშესანიშნაობა არის ბუნებრივი პირობები. სოფელს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭა, არის ფეხით გადასასვლელი მოკლე გზები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ტურისტული მიმართულებით. ასევე სოფლის თავზე მთა „მთაშავას“ (ზღვის დონიდან 1750 მ.) ძირში არის სამკურნალო ტალახი, ადგილს ეწოდება „აბანოს ვაკე“, სადაც ადრე სამკურნალოდ დადიოდნენ სოფლის მაცხოვრებლები. სოფელში არის გადასახედები, მთები, შერეული ტყეები, მდელოები, რომელთა გამოყენებაც ასევე შესაძლებელია ტურიზმის განსავითარებლად.
სოფელ დღნორისაში არის სასმელი დანიშნულების მიწისქვეშა მტკნარი წყალი.
სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესია, რომელიც აგებულია მე-18 საუკუნეში.
სოფლის მოსახლეობა ძირითადად ეწევა მესაქონლეობას, მესიმინდეობას, მევენახეობას, მეფუტკრეობას.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 321 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 570 | 273 | 297 |
2014 |
| 154 | 167 |
სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ამბულატორია.
სოფელი ელექტროფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ადგილობრივი წყაროებიდან სათაო ნაგებობებით. სოფლის ცენტრალური და შიდა გზები მოხრეშილია, ნაწილი მოსახრეშია. ხელმისაწვდომია უკაბელო ინტერნეტი. დაგეგმილია სოფლის გარე განათების სისტემის მოწყობა 2020 წლისთვის.
სოფელ დღნორისას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და სარგებლობს რიგი საგადასახადო და სოციალური შეღავათებით (დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“).
შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 150 მ2; სართულების რაოდებობა - 1; ოთახების რაოდენობა - 2; ჭერის სიმაღლე - 2.5 მ. ტექნიკური მდგომარეობა: ექვემდებარება დემონტაჟს.