პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები

"საქართველოს აგროსასურსათო სექტორი - თქვენი ინვესტიციისთვის!" - გზამკვლევი

გზამკვლევი საქართველოს აგროსასურსათო სექტორის შესახებ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინფორმაციას საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე შემდეგი მიმართულებებით: თხილის წარმოება; ვაშლის წარმოება; მოცვის წარმოება; ბლის წარმოება; მანდარინის წარმოება; ატმის წარმოება; ხურმის წარმოება; კიტრის წარმოება; პომიდვირის წარმოება; ხახვის წარმოება; სტაფილოს წარმოება; მწვანილის წარმოება; კარტოფილის წარმოება; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება; ღორის ხორცის წარმოება; ფრინველის ხორცის წარმოება; მტკნარი წყლის თევზის წარმოება; რძის პროდუქტების წარმოება; თაფლის წარმოება; ჩაის წარმოება და ხორბლის წარმოება.

 

მეტის ნახვა

პროგრამა „დანერგე მომავალი

პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. იგი, ასევე, მიზნად ისახავს ადგილობრივი მაღალხარისხიანი სანერგე მასალების წარმოების მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებასა და მეხილეობის სექტორის გაუმჯობესებას. პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას სამი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) ბაღების კომპონენტი - ფინანსური დახმარება გულისხმობს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას, თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით;

ბ) სანერგეების კომპონენტი - ფინანსური დახმარება მოიცავს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას, თანადაფინანსების სახით, სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად, რომელსაც გამოყავს უვირუსო ნერგი;

გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის კომპონენტი - ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას, თანადაფინანსების სახით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის მიზნით, როგორც არსებულ მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის, ასევე გასაშენებელ ახალ მრავალწლოვან ხეხილის ბაღისთვის.

მეტის ნახვა

აგროდაზღვევის პროგრამა

აგროდაზღვევის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებებს, რომლის საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს. პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). ვაზის გარდა, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სააგენტოს თანამონაწილეობა არის 70%, ვაზის შემთხვევაში კი - 50%.

მეტის ნახვა

შეღავათიანი აგროკრედიტი

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში, შეღავათიან აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 7000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.

მეტის ნახვა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის" პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობას. პროგრამის ბენეფიციარი საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში დაფინანსდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, იჯარის შემთხვევაში - 70%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის შემთხვევაში - 80%-ით და იჯარით ფლობის შემთხვევაში კი - 90%-ით. სააგენტო, აგრეთვე, განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში და სხვა.

მეტის ნახვა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამას" ახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის დარგის მიმართულებით თანადაფინანსებას როგორც ახალი საქმიანობის დაწყების, ასევე არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების შემთხვევაში. პროგრამის პირობები გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსებას შემდეგი მიმართულებით: ა) რძის პირველადი წარმოება; ბ) რძის შემგროვებელი პუნქტი; გ) რძის გადამამუშავებელი საწარმო; დ) ცხოველის საკვების პირველადი წარმოება; ე) ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი და ქვემო ქართლი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ/ფიზიკურ პირს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას. 


მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები