პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში. მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით). მუნიციპალიტეტში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ზესტაფონი-საჩხერე და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. ჭიათურის მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - საჩხერის მუნიციპალიტეტი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიდამოები მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი, მათ შორის: სამგლე კლდე, სამელე კლდე, სამერცხლე კლდე, ხერგულის კლდე, დარკვეთის ეხი, კაჟნარი, ნიგოზეთის მღვიმე, ბეხნარი, კაჟები, მღვიმევის მღვიმე, თარო კლდე, ასევე მღვიმეები პერევისაში, ხალიფაურში, სვერში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნების ძეგლია კაცხის სვეტი. ასევე არის რელიგიური მნიშვნელობის ისტორიული ძეგლები: კაცხის ტაძარი, მღვიმევის მონასტერი, პერევისის წმინდა გიორგის ეკლესია, უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესია, რგანის წმინდა გიორგის ეკლესია.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე შემორჩენილია ეკლესიები ზედუბანში, ნავარძეთში, მეჩხეთურში, ზედა ბერეთისაში, სვერში.

საერო ისტორიული ძეგლებია: ბჟინევის ციხე, ნავარძეთის ციხე, კაცხის ციხე, სვერის ციხე, დიდველის ციხე, ციხე-დარბაზი ხრეითში.

ჭიათურაში არის ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ჭიათურის დრამატული თეატრი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობისაა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. სწორედ წიაღისეულის მოპოვება კვებავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკას. მოიპოვება მანგანუმი - ჭიათურა, მერევი, კალაური, შუქრუთი, ზედა რგანი, თაბაგრები, ხალიფაური; მინერალური წყლები - მელუშეეთი, ზოდი; მარმარილო - მოხოროთუბანი, სალიეთი, ჯოყოეთი; ქვა - ქვედა ბერეთისა; კვარციანი ქვიშა - ჭიათურა, დარკვეთი, კაცხი, შუქრუთი, ზედა რგანი.

მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარ როლს ასრულებს მანგანუმის, ასევე სხვა სასარგებლო წიაღისეულის (მარმარილო და კვარციანი ქვიშა) მოპოვება.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 39 884 ადამიანი.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 28 საბავშვო ბაღი, 43 საჯარო სკოლა, არის კერძო და სასულიერო სკოლები. ჭიათურაში არის სამუსიკო და სასპორტო სასწავლებლები.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 1 საავადმყოფო, 1 პოლიკლინიკა, სასოფლო საექიმო ამბულატორიები, გამოდის რამდენიმე ადგილობრივი გაზეთი. ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი ჭიათურა.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია:

  • 1 ქალაქი: ჭიათურა;
  • 13 ადმინისტრაციული ცენტრი - გეზრული, ვაჭევი, ზოდი, ითხვისი, კაცხი, მანდაეთი, ნიგოზეთი, პერევისა, სარქველთუბანი, სვერი, ქვაციხე, წირქვალი, ხვაშითი.
  • 2 სოფელი - რგანი, ხრეითი.

 

 

 

სასარგებლო ბმულები