პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იმერეთის მხარეში.

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ოკრიბის ქვაბულში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლეზე. იგი გაშენებულია მდინარე ტყიბულას (მდ. ყვირილას მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიით.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქი ქუთაისი და დასავლეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. საზღვრების საერთო სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, მთლიანი ფართობი კი 470 მ2-ს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდინარეებია ლეხიდარი, ძუსა, ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. არის რამდენიმე ჩანჩქერი მუხურსა და ძმუისში.

ფლორა და ფაუნა წარმოდგენილია როგორც ვიწრო არეალის კოლხური, ასევე კავკასიური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით, რელიქტური მცენარეებია ბზა, უთხოვარი, შქერი, წაბლი . სოფელ სოჩხეთში დგას 1500 წლის ხე. გვხვდება კორომები: უთხოვარის - ცუცხვათში, წაბლის - მდინარეების ტყიბულასა და ძუსას ხეობაში.

ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა ქვანახშირი, გიშერი და ტეშენიტი (გრანიტი). ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში. ტეშენიტი კი სოფლებში: კურსები, ოხომირა, კოკა, ბუეთი და ცუცხვათი; გიშერი მოიპოვება სოფელ ძიროვანში. ასევე მოიპოვება ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები.

კურსებში ფუნქციონირებს ტეშენიტის მოსაპირკეთებელი ფილების დიდი დამამზადებელი ქარხანა. ასევე მოიპოვება დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი, ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება მინერალური წყალი: კურსებში, ბუეთში, სოჩხეთში, კოკაში, ცუცხვათში, მუხურასა და ლეღვაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია გელათის სამონასტრო კომპლექსი (XII ს).

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობაა 20 839 ადამიანი (2014 წლის აღწერით). ქართველები მოსახლეობის 99 %-ია. გარდა ქართველებისა, აქ ცხოვრობენ რუსები და უკრაინელები.

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 23 საჯარო სკოლა, ამათგან 18 სოფლად, ხოლო 5 ქალაქ ტყიბულში. ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, მათ შორის 8 სოფლებში. მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამხატვრო გალერეა, 5 საქალაქო და 20 სასოფლო ბიბლიოთეკა,10 სოფლის კლუბი და 2 სასოფლო კულტურის სახლი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 48 დასახლებული პუნქტია (1 ქალაქი და 47 სოფელი). მუნიციპალიტეტი იყოფა ათ ადმინისტრაციულ ერთეულად:

  • 1 ქალაქი: ტყიბული;
  • 9 სასოფლო დასახლებებისაგან შემდგარი ადმინისტრაციული ერთეული (სოჩხეთი, გურნა, ჯვარისა, მუხურნა, ორპირი, საწირე, კურსები, ხრესილი, ცუცხვათი).

 

სასარგებლო ბმულები