პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„12 წელი აგვისტოს ომიდან“ - კანადაში საქართველოს საელჩოს ვირტუალური გამოფენა


09.08.2020

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, მოეწყო ვირტუალური გამოფენა - "12 წელი აგვისტოს ომიდან". გამოფენა ეძღვნება იმ ქართველ გმირებს, რომლებმაც 12 წლის წინ და 1990-იანი წლების დასაწყისში თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინც იბრძოლა და დაიცვა ჩვენი თავისუფლება.

 

ვირტუალური გამოფენა - "12 წელი აგვისტოს ომიდან"

12 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ამ აგრესიის შედეგად საქართველოს ორი ისტორიული მხარე - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ათი ათასობით ადამიანი, როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე არაქართველი, იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, ისინი დღესაც ვერ ბრუნდებიან თავიანთ სახლებში. საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას, უკანონო „ბორდერიზაციას“ - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამყოფი კედლებისა და მავთულხლართების გავლებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციაა, ყოველდღე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოქალაქეებს იტაცებენ, უკანონოდ აპატიმრებენ, აწამებენ და ხშირად კლავენ. ეს არის აგრესიის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი 1990-იანი წლების დასაწყისიდან აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ცდილობს აიძულოს რუსეთი, როგორც კონფლიქტის მხარე, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ჩვენგანის მიზანია ეს უმძიმესი პრობლემა მშვიდობიანი გზით, აფხაზ და ოს თანამოძმეებთან თანხმობით, მოგვარდეს. ამ პროცესში საქართველოს გვერდით უდგას და აქტიურად უჭერს მხარს კანადაც.

ეს ვირტუალური გამოფენა ეძღვნება იმ ქართველ გმირებს, რომლებმაც 12 წლის წინ და 1990-იანი წლების დასაწყისში თავი შესწირეს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვინც იბრძოლა და დაიცვა მისი თავისუფლება. ამ გამოფენით ასევე გვინდა მხარდაჭერა გამოვხატოთ ათი ათასობით ადგილნაცვალი და ლტოლვილი ჩვენი თანამემამულის მიმართ, რომელებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე ოცნებობენ.