პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

31 მარტი - ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისთვის 


30.03.2020

31 მარტს, აღმოსავლეთ სანაპიროს დროით ‪14:00 საათზე, აშშ-ში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდზე გაიმართება ექიმ-ინფექციონისტის, მამუკა მაჩაიძის ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისთვის თემაზე - კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენცია და მისი მკურნალობა.

ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის ფარგლებში, ქ. ვაშინგტონში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი ექიმი მამუკა მაჩაიძე პირდაპირ რეჟიმში უპასუხებს თანამემამულეების შეკითხვებს ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ საკითხებზე. თანამემამულეებს კითხვების წინასწარ გაგზავნა, აგრეთვე, შეუძლიათ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

მსოფლიოში არსებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები ხორციელდება იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და მას ორგანიზებას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

აღნიშნულის ფარგლებში, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები უკვე გაიმართა თბილისიდან იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის; აგრეთვე, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია განხორციელდა ნიუ იორკიდან აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისთვის.