პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

45 უკრაინელი მოზარდი სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაისვენებს


30.06.2023

21 ივნისს, უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა და ლვოვში საქართველოს საპატიო კონსულმა, იაროსლავ მუზიჩკომ, ქალაქ ლვოვიდან გააცილეს საქართველოში დასასვენებლად მიმავალი უკრაინელი ბავშვების მორიგი ჯგუფი.

21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, 45 უკრაინელი მოზარდი 6 თანმხლებ პირთან ერთად, სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში საქართველოში გაემგზავრა.

ჯგუფში შედიან მოზარდები, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. მოზარდები, წინასწარი შედგენილი პროგრამის ფარგლებში, ჩართულები იქნებიან სხვადასხვა ტიპის გასართობ და შემეცნებით აქტივობებში.

პროექტი ხორციელდება უკრაინაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რეაბილიტაცია გაიარა 300-მდე უკრაინელმა ბავშვმა.