პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტებს მექსიკაში ქართული დიასპორის წევრები დაესწრნენ


15.10.2019

მიმდინარე წლის 9-დან 14 ოქტომბრამდე, მექსიკის შეერთებულ შტატებში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით და აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, სერვანტინოს რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა. გუანახუატოსა და მეხიკოში ანსამბლმა ორი სოლო კონცერტი გამართა, რომლებმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.

ანსამბლი „შავნაბადა“ ამერიკის კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თავად სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა, მექსიკის კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ერთობლივად შეარჩიეს.

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის პირველი სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც ფაქტობრივად გახსნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულტურული ღონისძიება პირველი კონცერტით ქალაქ გუანახუატოში, 10 ოქტომბერს.

12 ოქტომბერს მეხიკოში გამართულ კონცერტს კი, სხვა საპატიო სტუმრების გარდა, ქართული დიასპორის წევრები დაესწრნენ, მექსიკელ მეგობრებთან ერთად.

,,შავნაბადამ“ კონცერტებზე საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა და საგალობელი შეასრულა, მათ შორის, ტრადიციული საგალობლები და ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა მექსიკის შეერთებულ შტატებში ზურაბ ერისთავმა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისაუბრა მრავალსაუკუნოვან ქართულ მუსიკალურ ტრადიციებზე.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მონაწილეობას სერვანტინოს მასშტაბურ და ცნობილ ფესტივალში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კულტურული დიპლომატიის თვალსაზრისით. ფესტივალის ფარგლებში არაერთგზის აღინიშნა და გაჟღერდა, მათ შორის, მექსიკური მასმედიის საშუალებებითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარებისა და მხარდაჭერის საკითხები.