პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ჩვენი ხელისუფლებისთვის დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილია“ - ილია დარჩიაშვილი


25.03.2024

„ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დროებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მინდა როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა და სითბო. ჩვენი ხელისუფლების ხედვა ასეთია, რომ დიასპორის წარმომადგენლები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ნაწილი გახლავთ“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მას მექნება შესაძლებლობა უახლოეს ორ თვეში მინისტრის საათის ფარგლებში კვლავ ეწვიოს საკანონმდებლო ორგანოს და კიდევ ერთხელ, ვრცლად ისაუბროს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაზე, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვას, ყოფის შემსუბუქებას და ისეთი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ დაბრუნდნენ საქართველოში. „კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა მათთან ერთად შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ევროპული ოჯახის ქვეყანა, ეს არის ჩვენი მთავარი ხედვა.“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე, მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ აუცილებლად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. „დიასპორას მივმართავ, რომ თითოეული ქართველი დიპლომატი მზადაა ქართველი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, საკონსულო აღრიცხვაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ჩვენ მოვახერხოთ თქვენი დახმარება და იმ მექანიზმების ამოქმედება რაც თქვენ გჭირდებათ როდესაც იმყოფებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ“ - აღნიშნა მინისტრმა.