პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასოციაციამ „ლაზი“ საფრანგეთში ემიგრანტებისთვის საინფორმაციო ცენტრი გახსნა


15.09.2020

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკაში მოქმედმა ქართული კულტურის კერამ „ლაზი“ ქართველი ემიგრანტებისთვის საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ცენტრმა ფუნქციონირება მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან დაიწყო და იგი კვირაში ერთხელ - ყოველ კვირა დღეს იმუშავებს.

კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრი, პირველ რიგში, მიზნად ისახავს დაინტერესებულ თანამემამულეთა ინფორმირებას საფრანგეთში ამჟამად მოქმედ სავალდებულო თუ სარეკომენდაციო სახის რეგულაციებზე, სოციალურ თუ ადმინისტრაციულ საკითხებზე, ასევე, ცენტრის წარმომადგენლები თანამოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ სათარჯიმნო მომსახურებისა თუ სხვა შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაში.

საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფ დაინტერესებულ თანამემამულეებს ცენტრში მათთვის საჭირო კონსულტაციის მიღება შეეძლებათ ყოველ კვირა დღეს - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე, ადგილზე გამოცხადების გზით. ცენტრის მისამართია - 87 rue des Poissonniers, 75018, Paris.

აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურის ცენტრი „ლაზი“ უკვე წლებია აქტიურად საქმიანობს საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მხარდაჭერისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. იგი ასევე ეწევა საქველმოქმედო სახის საქმიანობას. ამასთან, ასოციაციასთან ფუნქციონირებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ 2009 წელს დაარსდა და მისი ხელმძღვანელი გახლავთ ეკა ბოდოკია.

ცნობისთვის, ასოციაცია „ლაზი“-ს პროექტი საფრანგეთში მყოფი ქართველებისთვის საინფორმაციო ცენტრის გახსნის თაობაზე, რომლის ავტორი გახლავთ მირანადა ევგენიძე, ერთ-ერთია იმ 73 პროექტთაგან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2019-2020 წლებში დააფინანსა. აღნიშნული ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს უცხოეთში მყოფ თანამემამულეთა მხარდაჭერასა და სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავებას, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობის, ქართული ენისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, უცხოეთში საქართველოს პოზიტიური იმიჯის ამაღლების საქმეში ქართული დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას. დღეის მონაცემებით, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო საგრანტო პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა, საერთო ჯამში, უცხოეთში მყოფ 50 000-მდე თანამემამულეს შეადგენს.