პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია დარჩიაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დიასპორული პროგრამების შესახებ ისაუბრა


08.02.2024

2024 წლის 7 თებერვალს, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა, სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და კულტურული კერების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას, ასევე დიასპორული საგრანტო პროგრამების ინტენსიურობას და  პროგრამებში მონაწილეობის მიმართ დიასპორის გაზრდილ ინტერესს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო  პროექტები  კარგი საშუალებაა მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს წარმოჩენისთვის, ისევე როგორც ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებისა და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა დიასპორის მიმართულებით დასახული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო მექანიზმებზე.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და ამ კუთხით, სახელმწიფოს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით გაგრძელდება ამ მიზნით სამინისტროს ფარგლებში არსებული მექანიზმების დახვეწა და თანამშრომლობა როგორც შიდა, ასევე გარე აქტორებთან. აღნიშნულ პროცესში ასევე ვითვალისწინებთ სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის (ირლანდია, ისრაელი) საუკეთესო პრაქტიკას და ვცდილობთ წარმატებული მოდელების გადმოტანას ჩვენს რეალობაში“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

მისი თქმით, სამინისტროს მიერ ინიცირებული საგრანტო პროექტების მიმართ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი მოცულობა. საგრანტო პროექტების ბიუჯეტი, ისევე როგორც მათ მიმართ თანამემამულეთა დაინტერესება, უმეტეს შემთხვევაში, გაორმაგებული, ხშირ შემთხვევაში კი,  სამჯერ არის გაზრდილი. აღნიშნული პროექტები უდავოდ კარგი საშუალებაა ქართული დიასპორისთვის მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა, ხელი შეუწყონ ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას. 

სიტყვით გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა კულტურული დიპლომატიის როლზე, რომელიც შეუცვლელი მექანიზმია ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარმოჩენის და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ქვეყნის ჩართულობის ხელშესაწყობად. „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება მეტ სტიმულს გვაძლევს, რათა მომავალში უძველესი ქართული კულტურა ევროპის ქვეყნებში წარმოვაჩინოთ და მოვახდინოთ  მისი უფრო ფართო პოპულარიზაცია.“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ამ კუთხით, მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებით აღნიშნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“ საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობა, ასევე 2023 წელს  ვატიკანში   ივერიის ღვთისმშობლის ხატის  მოზაიკაში შესრულებული ასლის განთავსება. ილია დარჩიაშვილმა ხაზი ასევე გაუსვა იმ ფაქტს, რომ  2022 წელს, საქართველოსთვის იორდანიის სამეფოში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე უახლოს მომავალში დაიწყება კულტურის ცენტრის მშენებლობა.