პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელში პირველი ემიგრანტული ფესტივალი გაიმართა


28.10.2019

ისრაელში, ქ. ბათ-იამის აუდიტორიუმში, დიასპორულმა ორგანიზაციამ „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“, მარინა გელაშვილის ხელმძღვანელობით, „ემიგრანტული ფესტივალი“ - „ქართული ოჯახები ისრაელში“ გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და ქართველ ებრაელთა თემის თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელმა. „ქართული ხელოვნების ცენტრის“ მოყვარულმა შემსრულებლებმა ბათ-იამის აუდიტორიუმის სცენაზე შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, კლასიკური თანამედროვე საესტრადო და ჯაზური მუსიკა, წაიკითხეს გამოჩენილი ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაწარმოებები.

პროექტის მონაწილეებს და მის მხარდამჭერებს პირველი ემიგრანტული ფესტივალი მიულოცეს საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. ღვაწლმოსილმა მეცნიერებმა - იცხაკ დავითმა და შალვა წიწუაშვილმა, მწერლებმა - იზოლდა კრიხელმა და გია მოშიაშვილმა „ქართული ხელოვნების ცენტრს“ და კონცერტის მონაწილეებს საავტორო წიგნები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის“ საპატიო სიგელი ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ პრეზიდენტს, რობერტ ადარს (აჯიაშვილი) გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ დიასპორული ორგანიზაცია „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ 2017 წელს დაარსდა მარინა გელაშვილისა და ზურაბ ბერიაშვილის ინიციატივით. ორგანიზაციის მიზანია ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების გაერთიანება და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში ინტენსიურად იმართება შეხვედრები ისრაელში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ამასთან, ცენტრი აქტიურად მუშაობს ახალი ტალანტების გამოვლენისა და საქართველო-ისრაელის სახელმწიფოთა შორის მეგობრობის განვითარების კუთხით. ცენტრთან ასევე ფუნქციონირებს საბავშვო-მუსიკალური ჯგუფი, ირინა დევდარიანისა და მხატვარ იოჰევედ-ციალა იოსებაშვილის ხელმძღვანელობით.