პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კახის რაიონის ქართულ სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს მთავრობის სახელით, საჩუქრები გადაეცათ


04.10.2019

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შ. რუსთაველის სახელობის ქართულ საშუალო სკოლას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ და საქართველოს მთავრობის სახელით, მოსწავლეებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცეს.

ჰუმანიტარული აქციის განხორციელების მიზნით, კახის რაიონის ქართულ სკოლას ეწვივნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, ასევე საელჩოსა და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის საჩუქრები გადაეცა სკოლის ყველა მოსწავლეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით, დასაჩუქრდნენ სასკოლო ჩანთებითა და საკანცელარიო ნივთებით, ხოლო მეოთხედან მეთერთმეტე კლასების ჩათვლით მოსწავლეები კი - სპორტული ტანსაცმლის კომპლექტით. სკოლას ასევე საჩუქრად გადაეცა რუკები, გლობუსები, ქართველი კლასიკოსი მწერლების პორტრეტები, ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სახის სასწავლო თვალსაჩინოებები. საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ ქართული სკოლის დირექციას უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა. სკოლაში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე.

ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით.

აღსანიშნავია, რომ კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართულ საშუალო სკოლაში ამჟამად 160 მოსწავლე სწავლობს. სკოლის ახლადაშენებული შენობა კი, აზერბაიჯანული მხარის ძალისხმევითა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საზეიმოდ გაიხსნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს. თანამედროვე სტანდარტების სკოლის შენობის ასაშენებლად შესაბამისი თანხა გამოიყო სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით.