პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ ჩარშამბაში პირველი ქართული კულტურის ასოციაცია დაფუძნდა


30.03.2022

2022 წლის 26 მარტს, ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, სამსუნის გუბერნიაში ქ. ჩარშამბაში პირველი ქართული კულტურის ასოციაციის ოფიციალურად დაფუძნების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ და ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ.

გენერალურმა კონსულმა, სიტყვით გამოსვლაში დამსწრე საზოგადოებას ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციის დაარსება მიულოცა და ასოციაციის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამასთან, გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა ქართული დიასპორული ორგანიზაციების როლს ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავების საკითხში და ადგილობრივ ქართველებს ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.   

თავის გამოსვლაში გენერალურმა კონსულმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, ქართული დიასპორული ორგანიზაციების დაარსებისა და შემდგომში მათი შეუფერხებლად ფუქნციონირების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თურქეთში მცხოვრები ქართველების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გაძლიერებისთვის.

საზეიმო ღონისძიების დასასრულს გენერალურმა კონსულმა ჩარშამბას ქართული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ სემიზს საჩუქრად გადასცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტების ფოტორეპროდუქცია, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველი ელჩის, სვმონ მდივანის მიერ რწმუნებულთა სიგელის გადაცემის დროს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ საქართველოსთან მიმართებაში წარმოთქმული სიტყვის ამონარიდი, ვეფხისტყაოსანის სასაჩუქრე გამოცემა და სამადლობელო სიგელი.