პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯში ქართული კუთხე მოეწყო


28.10.2019

კანადის შეიარაღებული ძალების კოლეჯის ქართველი კურსანტის ლევან უსენაშვილის ორგანიზებით და საქართველოს ელჩისა და ტორონტოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერით, კოლეჯში გამართულ ტრადიციული ღია კარის დღის ფარგლებში, მოეწყო საქართველოსადმი მიძღვნილი კუთხე.

კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) ფარგლებში, სხვადასხვა ეროვნების სამხედროებთან ერთად, კოლეჯში სამხედრო სწავლების კურსს გადის საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი ლევან უსენაშვილი. ქართველმა კურსანტმა, კანადაში საქართველოს ელჩთან, კონსტანტინე ქავთარაძესთან და ტორონტოში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ერთად, კოლეჯის ღია კარის დღეზე სტუმრებს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ქართული სასმისები, საქართველოს საპრომოციო ბანერები, ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ფოტომასალა, სტუმრებს ასევე დაურიგდათ ბროშურები საქართველოს შესახებ. ამასთან, ტორონტოელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.

კოლეჯის ღია კარის დღის ფარგლებში, ქართველი კურსანტის მეურვე გახლდათ ტორონტოში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი გურამ სარია. მასთან ერთად, ქართველ კურსანტს და საქართველოს საელჩოს ღონისძიების მოწყობაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ტორონტოში მცხოვრებმა ქართველებმა - ვაჟა და ეკატერინე ჯანგირაშვილებმა, გიორგი ესიტაშვილმა, ნათია ქავთარაძემ, ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის წევრებმა - თამარ ცინცაძემ, თამარ გვაზავამ, მაია ფურცხვანიძემ, თეა თოდუამ, ლალი ტლაშაძემ, ქართველმა სპორტსმენმა თენგიზ ოქრუაშვილმა, ასევე ტორონტოში არსებულმა ქართულმა რესტორანმა „მიმინო“, რომლის მფლობელია ცარო აფციაური.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯის ღია კარის დღეზე საქართველოს კუთხემ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. საქართველოს ელჩთან შეხვედრისას კოლეჯის რექტორმა, კანადის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა, ბრაიან მაკფერსონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კუთხე კოლეჯში უკვე მეორე წელია ეწყობა და იგი ყოველთვის მრავალფეროვანი და გამორჩეულია. სამხედრო კოლეჯის პედაგოგებმა, კურსანტებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ღონისძიებაზე უფრო ახლოს გაეცნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებს, საქართველოსა და ქართული ღვინის ისტორიას.