პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული მხატვრული ფილმის „შინდისი“ ჩვენება რიგაში


09.08.2020

7 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 12 წლის თავზე, ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. რიგაში გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის  - "შინდისი" ჩვენება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა მაისურაძემ და ლატვიის პარლამენტის ვიცე-პიკერმა დაგმარა ბეიტნერე-ლე გალამ.

საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებულ რუსულ ინტერვენციაზე, რუსულ აგრესიაზე და მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა ლატვიის მხარეს და საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისათვის. თეა მაისურაძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა და ნაკისრი ვალდებულებების არშესრულება ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.

ვიცე-სპიკერმა დაგმარა ბეიტნერე-ლე გალამ კი თავის მიმართვაში დააფიქსირა ლატვიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ლატვია მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში ევროპამ ნახა პირველი ომი 21-ე საუკუნეში, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში კარგად იქნას გააზრებული, რადგან რუსული აგრესიისგან არც სხვა ქვეყნები არიან დაზღვეულნი.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები, ლატვიის პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროების, დიპლომატიური კორპუსის, კერძო სექტორისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

 

ღონისძიებას გენერალური სპონსორობა გაუწია კომპანია ბორჯომმა. ღონისძიების თანასპონსორები ასევე იყვნენ ღვინო - "ამოსა" და ლიმონათი - "ზანდუკელი".