პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიევში ფესტივალი "თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე" გაიმართა


07.10.2019

მიმდინარე წლის 5-6 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქში, კიევის მერიისა და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ადგილობრივი ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, გაიმართა „თბილისობის“ აღსანიშნავი ტრადიციული ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისაუბრა ორი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის ისტორიისა და აწმყოს შესახებ და ყურადღება გაამახვილა კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე. თეიმურაზ შარაშენიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული დიდი მეგობრობა და მადლობა გადაუხადა ქ.კიევის მერიას და ფესტივალის ორგანიზატორებს ყოველწლიურად „თბილისობის“ დღესასწაულის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქართველთა და უკრაინელთა შემოქმედებითი კოლექტივები ორი ქვეყნის ნაციონალური ცეკვებითა და მუსიკალური ნომრებით, ასევე მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურულ-გასართობი ღონისძიებები - კონკურსები, ვიქტორინები, გამოფენები, ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.

ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, უკრაინელი და ქართველი ხელოვანების მიერ ფესტივალზე ასევე შესრულებულ იქნა მისი ნაწარმოებები.

კიევში „თბილისობის“ დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულ სახეს ატარებს და წელს იგი უკვე მერვედ ჩატარდა. ანდრეევსკის დაღმართზე გამართულ ქართული კულტურის რიგით მე-8 ფესტივალს ორი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანი ესწრებოდა.