პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლიეტუვაში საქართველოს საელჩომ და დიასპორის წარმომადგენლებმა 26 მაისი აღნიშნეს


27.05.2020

26 მაისს, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე გაიშალა საქართველოს გიგანტური დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიების ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ქართველმა სტუდენტებმა და ასევე, ლიეტუველებმა, რომლებიც ქართულ ენას ეუფლებიან ვილნიუსის უნივერსიტეტში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ასევე, ქ. ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და ქ. კაუნასის მერიის ისტორიული შენობა "რატუშე".