პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიხეილ ნინუა: საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს ძალიან ქმედითი დახმარება გაეწიათ


02.05.2020

1 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ ტელეკომპანია მაესტროსეთერში, მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისა და ახალი რეისების განრიგის შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ნინუამ აღნიშნა, რომ სამშობლოში უკვე საქართველოს 9000-მდე მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო 9 მაისისთვის კი, ეს რიცხვი 10 000-ს გადააჭარბებს. ახალ ფრენებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას აცნობა, რომ დაგეგმილია 2 დამატებითი ჩარტერული რეისის განხორციელება, კერძოდ: 6 მაისს, თბილისი-რიადი-ამანი-თბილის მიმართულებით, რომლის მეშვეობით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 80 მოქალაქე და 15 მაისს, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის, სომხეთიდან და თურქეთიდან, საერთო ჯამში, 3 კოვიდინფიცირებული ადამიანის ჩამოყვანა მოხდა, რეანომობილის მეშვეობით, რომლებიც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში განაგრძობენ მკურნალობას და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ქმედითი დახმარება გაეწია. სხვადასხვა ქვეყნებში 18 270 მოქალაქემ ისარგებლა საელჩოების მიერ გაწეული დახმარებით, რაშიც იგულისხმება მათი საცხოვრებელი თავშესაფრით უზრუნველყოფა, მათთვის საკვებისა და პირველადი ჰიგიენური საშუალებების მიწოდება, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მათი მედიკამენტებით მომარაგება, აგრეთვე, შიდა გადაადგილებაში - საზღვრიდან საზღვარზე გადაყვანაში დახმარების აღმოჩენა“, - განაცხადა მიხეილ ნინუამ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საელჩოში დახმარების თხოვნით შემოსული ყველა მოქალაქის მომართვაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა, რაზეც მოცემული ციფრებიც მეტყველებს. მან აღნიშნა, რომ საელჩოების ოფიციალურ ვებ გვერდებზე განთავსებულია შესაბამისი კითხვარი, სახელმწიფოს მიერ დახმარების აღმოჩენის თხოვნასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, აღნიშნული კითხვარის შევსების შემდგომ, მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება, თუ რამდენად სჭირდებათ მათ მოთხოვნილი დახმარება, რის შემდეგაც ხდება მყისიერი დახმარების გაწევა.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტების საკითხს, რომლებმაც სასწავლო პროცესი დაასრულეს და საერთო საცხოვრებლების დატოვება უწევთ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე, უკვე ასეულობით სტუდენტი დაბრუნდა სამშობლოში, პროცესი კი გრძელდება და ყველა სტუდენტი დაუბრუნდება სამშობლოს.